თეგი: თბილისი პრაიდი

შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაერო-ს, „თბილისი პრაიდის“, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. ცნობისთვის, თბილისი პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშბულია, რომ 28 ივნისს პრაიდის კვირეული იხსნება. „წელს, ძალიან შეგნებულად და გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საზოგადოების პოლარიზაციის და განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე. არ ვატარებთ ღირსების მარშს. პრაიდ კვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია “კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო” ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს", - აღნიშნულია განცხადებაში.

კელი დეგნანი: ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ლგბტ საზოგადოების პრობლემებს გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატი „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში კინოჩვენების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული „ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის გამოწვევები და პრობლემები, რის წინაშეც დგას საქართველოში ლგბტ საზოგადოება. მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანების უფლებები აქვს პრიორიტეტულ რანგში, საგარეო პოლიტიკაში და მთავარი აქ გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მას ეპყრობოდნენ ღირსებით, ჰქონდეს თავისუფალი ცხოვრება შიშის გარეშე. მათი ეს უფლება არანაირად არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს სხვის კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც განმტკიცებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კონვენციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საკითხი დგას ასე, ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  „თბილსი პრაიდის“ კვირეული 28 ივნისს გაიხსნა.  

ევროკავშირი: საჭიროა თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა

ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა სხვა საკითხებისა, რომლებზეც ვრცელ დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. შეგახსენებთ, 5 ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. დაზარალებულები დღემდე თვლიან, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან. „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში, 11 ივლისს, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  

„თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს. განცხადების თანახმად, წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის“ ფესტივალს. „სიყვარულს ვერ დაამარცხებ! „თბილისი პრაიდის“ ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. „პრაიდის“ კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას. გვჯერა, რომ 2023 წლის „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარებით: გავაძლიერებთ თემს; ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას; უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას; შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან; წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას. წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის ფესტივალს“. შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის „პრაიდის კვირეულში“ და მხარი დაუჭირეთ ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში. #სიყვარულსვერდაამარცხებ“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, „ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები „პრაიდის კვირეულის“ გამართვას გეგმავდნენ, თუმცა მსვლელობის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე კონსერვატიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებზე და გამვლელებზე ფიზიკურად იძალადეს. სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 27პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.